13 აგვისტოს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი გაიმართება, სადაც შესაძლოა, მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადოს.
როგორც სანაია Facebook-ზე წერს, პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ჟურნალისტები შეიკრიბებიან.
ის ხელისუფლებას მოუწოდებს, "არ გაბედონ თავდამსხმელების გამოშვება".
"დღეს (პარასკევს ) 11:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება ჩემზე, ჩემს ოჯახზე თავდამსხმელთა სასამართლო პროცესი. მოსალოდნელია განაჩენის გამოცხადება.
ყველა ლოგიკით, განაჩენი ივლისში უნდა ყოფილიყო, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხდება აგვისტომდე მოიყვანა. ვფიქრობ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ივლისში ჟურნალისტების მასობრივი ცემის ფონზე ვერ გამოუშვებდნენ დაკავებულებს.
არ შევეგუები, რომ ამ საქმეზე დამნაშავეები არ დაისაჯონ. ხელისუფლებავ, არ გაბედოთ თავდამსხმელების გარეთ გამოშვება !
ამიტომ ვიკრიბებით დიღომში, საქალაქო სასამართლოსთან. ამ საქმეს არ მივიჩნევ მხოლოდ ჩემზე თავდასხმად. სწორედ ასეთ ფაქტების გამო დაუსჯელობამ მიიყვანა ქვეყანა 5 ივლისის ტრაგედიამდე და ლექსოს მკვლელობამდე.
11:00 საათიდან ჩემი კოლეგები, ჟურნალისტები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, ვიქნებით საქალაქო სასამართლოსთან.
ჩემს ფრენდებს და ყველას გთხოვთ, შემოგვიერთდეთ. თქვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია.
არ მივცეთ ბოროტებას გამარჯვების საშუალება !
დღესვე დავდებ მასალას, სადაც ყველაფერი დეტალურად იქნება მოთხრობილი, რა მოხდა თავდასხმის ღამით", - წერს სანაია.
ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.
შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი - ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი დააკავა. მათ ბრალად პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა ედებათ. სამივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.